Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს


"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროები
"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროები

მრავალეროვნული სამხედრო სწავლების, "ღირსეული პარტნიორი 2018”-ის ფარგლებში, ვაზიანში ჩატარდა კომბინირებული, საჩვენებელი წვრთნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი, უკრაინელი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები, ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი,“ საქართველოს შეიარაღებაში არსებული ვერტმფრენი „იროკეზი" და ქართული კომპანიის, „დელტას" მიერ წარმოებული სამედიცინო ევაკუატორი „დიდგორი."

საჩვენებელი წვრთნა მოიცავდა საცეცხლე მხარდაჭერის უზრუნველყოფას, პირობითი მოწინააღმდეგისგან შენობების გათავისუფლებას და ბრძოლის ველიდან "დაშავებულთა" ევაკუაციას.

საქართველოში 1 აგვისტოდან მიმდინარეობს მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018.“ მასში მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის 3000-ზე მეტი სამხედრო.

წვრთნის მიზანია საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება, სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარჩვევების გაუმჯობესება და წვლილის შეტანა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში. სწავლების მთავარი გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია.“ წვრთნა 15 აგვისტოს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG