Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა: საქართველო ცდილობს მსოფლიოსგან აფხაზეთის იზოლირებას


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ რუსეთის მიერ „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მეათე წლისთავის“ აღსანიშნავად სოხუმში მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი. ამის შესახებ ხაჯიმბამ განუცხადა რუსულ გაზეთს, „იზვესტიას.“ დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, „აფხაზეთს ბევრი მეგობარი ჰყავს“ და სოხუმში მიწვეულნი არიან ლიდერები იმ ქვეყნებისა, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს. ხაჯიმბას ინფორმაციით, პუტინის და მედვედევის გარდა, რუსეთიდან დაპატიჟეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც „საომარი მოქმედებებისას აფხაზეთს აქტიურად ეხმარებოდნენ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ.“

„იზვესტიამ“ ხაჯიმბას ჰკითხა, ელოდება თუ არა, რომ სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, წელს იგივეს გააკეთებენ სხვა ქვეყნებიც. „დიპლომატიური საქმიანობა ძალიან სპეციფიკურია და ნაადრევ ანონსებს არ ითვალისწინებს“ - განაცხადა ხაჯიმბამ. მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება და ამის ერთ-ერთი შედეგია სირიის მხრიდან აღიარება. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, გააგრძელებენ საქმიანობას „აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გამყარების და საერთაშორისო აღიარების გაფართოებისთვის“ და მიზნებს აუცილებლად მიაღწევენ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ ეტაპის პირველ ამოცანად დაასახელა სირიასთან ურთიერთობების კონკრეტული შინაარსით შევსება, რისთვისც, ხაჯიმბას თქმით, უნდა შედგეს მისი და სირიის პრეზიდენტ ასადის ოფიციალური შეხვედრა. დე ფაქტო პრეზიდენტის ინფორმაციით, ამჟამად ეს საკითხი მუშავდება.

შეკითხვას, რომელ ქვეყნებში გეგმავს ვიზიტებს ამ წლის განმავლობაში, ხაჯიმბამ უპასუხა, რომ საზღვარგარეთ აფხაზეთის წარმომადგენელთა ვიზიტების უმრავლესობას ხელოვნურ ბარიერებს უქმნის საქართველო, რომელიც ცდილობს მსოფლიოსგან აფხაზეთის იზოლირებას, ამიტომ ვიზიტების წინასწარ გამოცხადება მიზანშეუწონელია. ხაჯიმბას თქმით, არიან ქვეყნები, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, მაგრამ ვითარდება ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები. „მაგრამ ამაზე საუბარი არასასურველია, რადგან შესაძლოა, წინააღმდეგობა გამოიწვიოს აფხაზეთის მიმართ არამეგობრული ძალებისგან“ - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG