Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ფრანცისკე ირლანდიაში ჩავიდა


რომის პაპი ფრანცისკე შაბათს ირლანდიაში ჩავიდა. დუბლინის სასახლეში, სადაც ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მას მიესალმა პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი. დუბლინში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ პაპის გამოსვლას. მაგრამ, როგორც მედიის პირველი რეაქციები მეტყველებს, მან არ გაამართლა მოლოდინი, ვინაიდან არ წამოუყენებია პედოფილი მღვდლების პრობლემასთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების პრაქტიკული გზები. თავის გამოსვლაში კათოლიკური ეკლესიის მეთაური ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა.

რამდენიმე დღის წინ პაპმა კათოლიკეებს წერილით მიმართა. თავისი ეკლესიის სახელით მან „სირცხვილითა და მონანიებით“ აღიარა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ დროულად ვერ მოახდინა რეაგირება იმ ტკივილზე, რომელიც მან მიაყენა „ამდენ სიცოცხლეს“. მან წერილში პირობა დადო, რომ ზომებს მიიღებს, მაგრამ ისინი არ დაუკონკრეტებია.

15 აგვისტოს პენსილვანიის შტატის დიდმა ჟიურიმ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 1950-იანი წლებიდან 300-ზე მეტი პედოფილი მღვდელი სექსუალურად ძალადობდა ათასზე მეტ არასრულწლოვანზე შტატის ექვს ეპარქიაში. ორი დღის შემდეგ ვატიკანის წარმომადგენელმა გრეგ ბერკმა განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია გმობს ბავშვების სექსუალურ შევიწროებას.

XS
SM
MD
LG