პროფესიული სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა განახლებული ბანძუკე (რეიტინგი), რომლითაც მომავალ ბაშოზე იხელმძღვანელებს. სექტემბერში გასამართ სუპერტურნირზე ქართველი სეკიტორების უმთავრესი ამოცანა ბაშოს კაჩი-კოშით (დადებითი ბალანსით) დასრულება იქნება. ლევან გორგაძემ და თეიმურაზ ჯუღელმა თხუთმეტტურიან შეჯიბრებაზე მინიმუმ რვა-რვა გამარჯვება უნდა მოიპოვონ.
ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა ლევან გორგაძემ უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სუმოს მეორე იერარქიული საფეხურის - ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლოს. ის კადობანშია ჩაყენებული, რაც ნიშნავს, რომ თუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დაუფიქსირდება, საპატიო ტიტულს დაკარგავს და სეკივაკე გახდება.
ლევანმა ოძეკის წოდება მაისის ბაშოს შემდეგ მიიღო. ივლისის სუპერტურნირი კი ტრავმის გამო ვადაზე ადრე შეწყვიტა და იძულებითმა პაუზამ კადობანამდე მიიყვანა.
რანგით მეორე - ჯურიო ლიგაში, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ახალ ბანძუკეში აღმოსავლეთის მეთორმეტე ნომერია და დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგას, თუმცა გამორიცხული არაა, ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად მაკე-კოშიც ეყოს.
აკი ბაშო 9-28 სექტემბერს გაიმართება, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში.