Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: 2018 წლის კრიმინოგენური სტატისტიკა წინა წლების სტატისტიკის სანდოობის ეჭვს ბადებს


არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანახმად, შსს-ს ბოლო მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივლისი (7 თვე) პერიოდში, საქართველოში რეგისტრირებულმა დანაშაულმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,8%-ით (11 840 შემთხვევით) მოიმატა, ხოლო გახსნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 17,2%-ით იკლო.

2018 წლის მხოლოდ საწყისი 7 თვის განმავლობაში დარეგისტრირდა დაახლოებით 33 ათასი დანაშაული, მაშინ როდესაც 2014-2017 წლებში მთლიანი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ დანაშაულთა რიცხვი 35 ათასიდან-38 ათასამდე მერყეობდა. 2014-2017 წლებში სტაბილურობით გამოირჩეოდა ასევე, საქმეების გახსნის მაჩვენებელი, რაც 53%-დან 60 %-მდე მერყეობდა. ეს ციფრიც, 2018 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა და მხოლოდ 36,67% შეადგინა.

„მოკლევადიან პერიოდში კრიმინოგენური მდგომარეობის და პოლიციის საქმიანობის ამსახველი მონაცემების მკვეთრი გაუარესება მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს განვლილი წლების სტატისტიკის სანდოობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ვარაუდს მნიშვნელოვნად ამყარებს, განვლილ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თანმიმდევრულად სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან თავის არიდება და ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს თუ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გაცნობა.“-აღნიშნულია IDFI-ის განმარტებაში.

ორგანიზაცია მიესალმება, დანაშაულის სტატისტიკის შეუყოვნებლად ყოველთვიურად გასაჯაროების დამკვიდრებულ პრაქტიკას.

XS
SM
MD
LG