Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს


თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტს მოუწოდებს ცვლილება შეიტანოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში და მხარი დაუჭიროს უკვე ინიცირებულ ცვლილებებს. თბილისის მერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონის გამკაცრებას ითხოვს.

„დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.“

კახა კალაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლასთან, მათ ეკონომიკურ საქმიანობასთან თუ განათლების მიღებასთან, თუმცა კანონი და წესი ქვეყნის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. თბილისის მერის აზრით, ცვლილება ასევე უნდა შეეხოს ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღების წესსაც. მოქმედი რეგულაციით, საქართველოში განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ იგი 300 000 ლარის ოდეონობის ინვესტიციას განახორციელებს.“

„ჩვენი ინიციატივა არის 300 000 ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთ წლიანი ბინადრობის უფლებით. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირებულია და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა დროულად დამტკიცდეს. მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის ცვლილება ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე", – აღნიშნა თბილისის მერმა 30 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG