Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე ქართული დელეგაცია 2 კაცის შემადგენლობით გაემგზავრა


სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე, „ევოპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე დაესწრებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინის გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი დანაკარგია. მანვე განმარტა, რომ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაში საქართველოდან ორი წარმომადგენელი იყო მიწვეული:

„საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას.

რაც შეეხება დელეგაციის სტატუსს, მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი, სხვადსხვა მაღალი თანამდებობის პირებს რამ შეუშალათ ხელი, მაგრამ არის დელეგაცია წარმოდგენილი. პარლამენტიდან ვართ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა. ეს არის ის ფორმატი, რაც მისაღებია თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

სენატორი მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ძალიან კარგი მეგობარი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოდან ამერიკაში დაკრძალვაზე მცირერიცხოვანი დელეგაცია მიემგზავრება:

„სრულიად აუცილებელია, რომ საქართველოდან იყოს დელეგაცია, რომელიც გამოხატავს საკუთარ ადამიანურ სამძიმარს ჩვენი დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო. საქართველო დგას იქ, სადაც დგას მთელი მსოფლიოს და აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთი მცირე დელეგაცია მიდის საქართველოდან. სამწუხაროა, რომ ვერც პრემიერმა, ვერც პრეზიდენტმა და ვერც უმაღლესი თანამდებობის პირებმა, როგრც ჩანს, ვერ ან არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ღონისძიებაზე წასვლა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქ უნდა იყოს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ვიქნებით და ქართველი ხალხის სახელით დავაფიქსირებთ, თუ როგორი მადლობელი ვართ სენატორი მაკკეინის, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

სენატორ ჯონ მაკკეინს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG