Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აიღო პასუხისმგებლობა 11 ქურთი მეამბოხის დახოცვაზე


ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდლობის ცნობით, საავიაციო დანაყოფებმა განახორციელეს სარაკეტო იერიში ერაყის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც იქ მოქმედი ირანელ ქურთთა 11 მეამბოხე დაიღუპა. 9 სექტემბერს განვრცელებული განცხადების თანახმად, კორპუსის საავიაციო დივიზიონმა 7 რაკეტა დაუშინა გასამხედროებულ ოპოზიციურ დაჯგუფებას ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე. ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDPI) წარმომადგენელმა ფრანს პრესის სააგენტოს აცნობა, რომ 8 სექტემბერს ორგანიზაცია შეხვედრას მართავდა, როდესაც შენობაზე განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. „ჯგუფის 11 წევრი დაიღუპა და 30 დაიჭრა „კატიუშას“ ტიპის რაკეტების ჩამოცვენის დროს კოისინჯაყში მდებარე საშტაბო შენობებზე“, - განაცხადა ქალაქის საავადმყოფოს დირექტორმა, კამრან აბასმა. ქურთების პარტიის თანახმად, ირანმა შორი რადიუსის რაკეტები გამოიყენა პარტიის ბაზებისა და მის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკების წინააღმდეგ. ქურთისტანის დემოკრატიული პარტია დროდადრო ირანის წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებს ერაყის ტეროტორიიდან.

XS
SM
MD
LG