Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მემარჯვენეებმა მესამე ადგილი დაიკავეს შვედეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში


სტეფან ლიოვენი
სტეფან ლიოვენი

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციურ ძალებს მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მცირედით აჯობა მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს. „ცხადია, რომ ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა, რის გამოც აუცილებელია თანამშრომლობა ბლოკებს შორის“, - განაცხადა 10 სექტემბერს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა. ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით სოციალ-დემოკრატებს მხარს უჭერს ამომრჩევლეთა 40,6 %-ი, ოპოზიციურ ალიანსს - 40,3 %-ი. შვედეთის ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრანტულ „შვედეთის დემოკრატებს“ წილად ხვდა 17,9 %-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ მემარჯვენეებმა გაამჯობესეს 4 წლის წინ ნაჩვენები შედეგი - 12,9 %-ი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ 400 ათასი ბიულეტენი აქვს დასათვლელი, ეგზიტპოლების მიხედვით ვერც სოციალ-დემოკრატები და ვერც ოპოზიციური გაერთიანება ვერ ღებულობენ აბსოლუტურ უმრავლესობას 175 კაციან პარლამენტში. კვირას გამართული არჩევნების დროს მთავარი პრობლემა იყო იმიგრაცია. შვედეთის მთავრობამ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში 163 ათასი, მეტწილად ავღანელი და სირიელი, - მიგრანტის მიღების თაობაზე, რასაც ათმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში საკმაო მოწინააღმდეგე ჰყავს.

XS
SM
MD
LG