Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მომავალ თვეში იწყებს ცივი ომის შემდეგ უდიდეს სამხედრო წვრთნებს


ესპანეთი, სან გრეგორიოს პოლიგონი 2015 წლის 4 ნოემბერს: ნატოს სწავლება "ერთობლივი სამკაპის" ეპიზოდი
ესპანეთი, სან გრეგორიოს პოლიგონი 2015 წლის 4 ნოემბერს: ნატოს სწავლება "ერთობლივი სამკაპის" ეპიზოდი

ნატო წელს, ოქტომბერსა და ნოემბერში გამართავს სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით „ერთობლივი სამკაპი 2018“ (Trident Juncture 2018). ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ. საინფორმაციო სააგენტო დპა-ს ცნობით, წვრთნების მიზანია შემოწმება, არის თუ არა სამხედრო ალიანსი მზად ახალი ტიპის საფრთხეებზე, მათ შორის „ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის დახვეწილ მეთოდებზე“ პასუხის გასაცემად. დასავლეთის ქვეყნებს ბევრჯერ ჰყავთ დადანაშაულებული რუსეთი „ჰიბრიდულ“ თავდასხმებში. წვრთნები ორ ეტაპად ჩატარდება: 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრემდე და 14-დან 23 ნოემბრამდე. მასში მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის (ნატოს წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების) 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. მათ განკარგულებაში იქნება 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება. წვრთნების მიზანია მომზადება ნორვეგიის სანაპიროზე თავდასხმის მოსაგერიებლად. მანევრების გეოგრაფია ასევე მოიცავს ატლანტის ოკეანისა და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთსა და ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დაწყების შემდეგ, ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო მანევრების მასშტაბი. სწავლება „ერთობლივი სამკაპი“ ბოლოს 2015 წელს გაიმართა. ხოლო ამ კვირაში, სამშაბათს რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო რუსეთის ისტორიაში უდიდესი სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი-2018“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრის მონაცემებით, სწავლებაში მონაწილეობს 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „აღმოსავლეთი-2018“ 17 სექტემბრამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG