Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთმა დაადგინა სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებული პირების ვინაობა


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა დაადგინა იმ ორი მამაკაცის ვინაობა, რომელთაც ბრიტანეთი ადანაშაულებს ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. პუტინი ამბობს, რომ ორივე ეჭვმიტანილი სამოქალაქო პირია. „ვიცით, ვინ არიან, ვიპოვეთ ისინი“, - განაცხადა პუტინმა 12 სექტემბერს ეკონომიკურ ფორუმზე ვლადივოსტოკში. ისინი, რასაკვირველია, სამოქალაქო პირები არიანო, დასძინა პუტინმა, რითაც სავარაუდოდ გამოეხმაურა ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებას, რომ ორივე ეჭვმიტინილი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუ) თანამშრომელი. მათში კრიმინალური არაფერიაო, თქვა პუტინმა და გამოთქვა იმედი, რომ ორივე მოყვება თავის ამბავს, რაც „ყველასთვის უკეთესი“ იქნება. ყოფილმა ჯაშუშმა სკრიპალმა და მისმა ქალიშვილმა 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში მოწამვლის შემდეგ რამდენიმე კვირა დაჰყვეს საავადმყოფოში. ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ მოსკოვს, რომელიც ბრალდებას უარყოფს. ბრიტანეთი ეჭვმიტანილებად ასახელებს ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს, რომლებზეც დაპატიმრების ევროპული ორდერი გაიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG