Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა


პუტინი სამხედრო წვრთნას "ვოსტოკი 2018"-ს აკვირდება ციმბირში, ცუგოლის პოლიგონზე. 2018 წლის 13 სექტემბერი
პუტინი სამხედრო წვრთნას "ვოსტოკი 2018"-ს აკვირდება ციმბირში, ცუგოლის პოლიგონზე. 2018 წლის 13 სექტემბერი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ხელსუფლება აგრძელებს ბოლო თაობის შეიარაღებით და ტექნიკით არმიის გაძლიერებას, რათა საჭიროების შემთხვევაში სამხედროები მზად იყვნენ ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების დასაცავად და მოკავშირეთა მხარდასაჭერად. პუტინი დღეს იმყოფებოდა ციმბირში მდებარე ცუგოლის პოლიგონზე, სადაც მასშტაბური სამხედრო წვრთნის „ვოსტოკ 2018“-ის მიმდინარეობას გაეცნო. პუტინის განცხადებით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს აგრესიული გეგმები და მისი საგარეო პოლიტიკა მიმართულია შემოქმედებითი თანამშრომლობისკენ ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც დაინტერესებულია ასეთი თანამშრომლობით. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა მაღალი დონის მანევრებისა და სწავლების ამოცანის შესრულებისთვის. საჩვენებელ წვრთნაში მონაწილეობდნენ ჩინეთის და მონღოლეთის არმიის სამხედროებიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 სექტემბერს დაიწყო სამხედრო სწავლება „ვოსტოკ 2018,“ რომელშიც მონაწილეობს 300 000 სამხედრო მოსამსახურე, 36 000 ჯავშანმანქანა, 1000 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 80 გემი. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „ვოსტოკ 2018“ უმსხვილესი სამხედრო სწავლებაა 1981 წლის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი და აშშ „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მტკიცებით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. სწავლება 17 სექტემბერს დასრულდება.

რუსეთის სამხედრო მანევრები დაგმო ნატომ, რომელმაც „ვოსტოკ 2018“ შეფასა მზადებად ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგელის, დილან ვაიტის განცხადებით, აგრესიული რუსეთი მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტს და თავის სამხედრო ძალას.

XS
SM
MD
LG