Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში ინცინდენტის გარეშე დასრულდა გეი-პრაიდი


რამდენიმე ასეული ლგბტ აქტივისტი და მათი მომხრეები მონაწილობდნენ სერბიის დედაქალაქში გამართულ გეი-პრაიდში, რომელიც ინცინდენტის გარეშე დასრულდა. 16 სექტემბერს, „ბელგრადის პრაიდ კვირეული 20018“-ის დასკვნით დღეს დედაქალაქის ცენტრში მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული სამართალდამცველი, რომლებიც ფხიზლად იცავდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების მსვლელობას სლავიის მოედნიდან სტუდენტთა მოედნისაკენ. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ანა ბრნაბიჩი და ბელგრადის მერი, ზორან რადოჩიჩი. ანა ბრნაბიჩი სერბიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ მალავს, რომ სექსუალურ უმცირესობას ეკუთვნის, შარშან ამ დროს ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად ასევე შეუერთდა გეი აღლუმის ათასამდე მონაწილეს.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, 16 სექტემბრის საღამოს მსვლელობა დასრულდა კონცერტით სტუდენტთა მოედანზე, რომელსაც რამდენიმე ათეული მოქალაქეც ადევნებდა თვალს.

გეი-პრადის პარალელურად, ბელგრადის ცენტრში საპასუხო საპროტესტო აქცია გამართა დაახლოებით 30-მა კაცმა, მათ შორის სასულიერო პირებმა. მათ ხელთ ეპყრათ მართლმადიდებლური ხატები და ჯვრები და საეკლესიო სიმღერებს გალობდნენ. პოლიციამ ნაციონალისტური ჯგუფების წევრებს საშუალება არ მისცა მიახლოვებოდნენ გეი-პრაიდის მონაწილეებს.

ბელგრადის წლევანდელი გეი-პრაიდი წარიმართა დევიზით „Reci da!" „უთხარი - დიახ!“ „ბელგრადის პრაიდ კვირეულის“ დროს უჩვენებდნენ ფილმებს, მოეწყო გამოფენები, კონფერენციები და დებატები. ღონისძიების ორგანიზატორებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა. მათ შორის, ქვეყანაში ლგბტ პირებისათვის პარტნიორული ურთიერთობების ოფიციალური რეგისტრაცია, სასწავლო სახელმძღვანელოებიდან შეურაცხმყოფებელი შინაარსის შემცველი ჩანაწერების ამოღება და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისაგან მათი უკეთ დაცვა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ლგბტ პირებზე ცრურწმენა, კვლავ წარმოადგენს გავრცელებულ პრობლემას სერბიაში.

2001 წელს, პირველი მცდელობა გეი-პრაიდის ჩატარებისა ბელგრადში, ლგბტ პირებსა და მათ მომხრეებზე სპორტის ქომაგების, ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და მათი მომხრეების თავდასხმით დასრულდა.

2010 წელს, პრაიდის მონაწილეებს პოლიცია იცავდა, მაგრამ ქალაქის ცალკეულ ადგილებში ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას პოლიციასა და მემარჯვენედ განწყობილ ხულიგნებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გეი-პრაიდის გამართვას.

მოგვიანებით, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში გამართული გეი-პრაიდების დროს, როდესაც აქციის მსვლელობას ათასობით პოლიციელი იცავდა, სერიოზული ინცინდეტი აღარ მომხდარა.

XS
SM
MD
LG