Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრის "ხელმოწერას" პროკურატურა იძიებს


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე. საქმე ეხება პოლიტიკური გაერთიანების „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილ სიას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემები და ხელმოწერა. თუმცა, ცესკოს-ს ინფორმაციით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება კომისიაში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა პროკურატურისადმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 18 სექტემბრის მიმართვა.

საარჩევნოდ შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ წევრი პარტიის, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამავე გაერთიანების წევრი პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატის, მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიაშია პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გვარი და პირადი მონაცემები. ვაშაძის თქმით, ეს შესაძლოა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაცია. გიორგი ვაშაძემ პროვოკაციასა და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა ცესკო-ც. ვაშაძის განცხადებით, მას ხელმოწერების ორიგინალის ასლი აჩვენა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა მაშინ, როცა მხარდამჭერთა სია დალუქული უნდა იყოს და არავის უნდა ჰქონდეს მასზე წვდომის უფლება. თავის მხრივ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მას ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაუცია.

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრი პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა, ზოგიერთ მათგანს დასახელებული ჰყავს თავისი კანდიდატიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG