Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს ადანაშაულებს დესტრუქციასა და ფაქტების დამახინჯებაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრის ჩაშლის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს არა მხოლოდ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში. ქართული მხარე მოუწოდებს რუსეთს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რათა თავიდან იყოს აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით.

19 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციის და რეაგირების სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხევედრა ჩაიშალა საქართველოს კონფრონტაციული ქმედებების გამო, კერძოდ იმიტომ, რომ „მონაწილეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით შეიტანეს სამხრეთოსური მხარისთვის მიუღებელი პოლიტიზებული პუნქტები.“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 14 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 89-ე სხდომა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრის დატოვებამდე ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ამ მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG