Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებაზე ილაპარაკა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, 27 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია მშობლიურ ენაზე ლაპარაკი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე. მან საქართველოს ისტორიაში უაღრესად მძიმე და ტკივილით აღსავსე თარიღი უწოდა 27 სექტემბერს, როცა, პრემიერის თქმით, 25 წლის წინ, დაიწყო საქართველოს ტერიტორიის ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი.

“თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობებს აწყდება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის ფუნქცია აკისრია," თქვა მამუკა ბახტაძემ. "დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, ერები და კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა. ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლ ს პრინციპების პატივისცემის საფუძველზე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, სულ უფრო მწვავე სახეს იღებს დეპოპულაცია, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება. საქართველო მდიდარი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მუდამ იდგა და დღესაც დგას მსოფლიოს ცივილიზებული ერების გვერდით, - თქვა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში და, შესაბამისად, დღესაც ჩართულია იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას დღეს მთელი კაცობრიობა. “ჩამონათვალი, სამწუხაროდ, დიდია: კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაციული კრიზისი და ლტოლვილთა პრობლემა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები - ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და ურყევ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს გაეროსგან, მისი თითოეული წევრი ქვეყნისგან. ამ გამოწვევათა დაძლევა გვჭირდება ყველას, თითოეულ ჩვენგანს, რათა მსოფლიო გავხადოთ უკეთესი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ინტერესების დაცვა ურთიერთპატივისცემით უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში - ერთმანეთის ხარჯზე. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გამოვეხმაურო ამ გენერალური ასამბლეის თემას და განვაცხადო, - მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, მშვიდობიანი, მდგრადი, სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში გაეროს როლის გაძლიერებასა და მისი მიზნების უკეთ შესრულებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის ბოლოს საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ თვითოეული ჩვენგანის და ყველას ამოცანაა, „ერთად გადავლახოთ გლობალური გამოწვევები იმისთვის, რომ მშვიდობიანი და უკეთესი მსოფლიო დავუტოვოთ მომავალ თაობებს“.

XS
SM
MD
LG