პარტია „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, გაშიფრულია სისტემური ვერტიკალური კორუფციის სქემა ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის და მინისტრების ჩართვით. „ეს სქემა დასტურდება არა მხოლოდ ერთი ბიზნესმენის განცხადებით, რომელიც გადააგდეს, არა მხოლოდ ჩანაწერებით, სადაც ამ სქემაზე ყოფილი თანამდებობის პირები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები საუბრობენ, არამედ რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბებით - “ფილიპ მორისთან“ დაკავშირებული სასამართლო პროცესი ადასტურებს, რომ რაზეც ჩანაწერებში საუბრობენ, შემდეგ ის ცხოვრებაში ხდება“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მაშინ, როცა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შესაძლო მკვლელსა და ეჭვმიტანილს ხელი დააფარეს, რადგან თანამდებობის პირის ახლობელი იყო, ეს ხალხი ბედავს და უტიფრად ტალახს ისვრის ოპონენტების წინააღმდეგ. „უტიფარ სიცრუეს ამბობენ, რომ თითქოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ საქმეში პოლიტიკური მოტივი ვერ დაადგინა. სწორედ კომისიამ დაადგინა, რომ თანამდებობის პირის ახლობლობის გამო დააფარეს ხელი სავარაუდო ეჭვმიტანილს. ამ ხალხმა გაბედა და საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა პირი, რომელიც პირდაპირ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს პასუხი 28 ოქტომბერს უნდა გაეცეს. „დარწმუნებული ვარ, ეს პასუხი იქნება მკაფიო და ამ პასუხით დაიწყება ივანიშვილის გუნდის გაძევება პოლიტიკური მმართველობიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
"ევროპულ საქართველოს" იმედი აქვს, რომ 28 ოქტომბერს დაიწყება ივანიშვილის გუნდის გაძევება