Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ცილისწამების გზით რევანშის მცდლობაში ადანაშაულებს "ნაციონალურ მოძრაობას"

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მედიასაშუალებებს აქვთ „უსუსური მცდელობა“ „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ დანაშაული, რომელიც „მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება.“ ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტების უხეშად გაყალბების და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანებზე, რათა ხალხში დანერგოს ტოტალური უიმედობა და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის.

„ტოტალური, ურცხვი პროპაგანდის მანქანიდან მომდინარე ე.წ. ახალი ამბები და ე.წ. პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება, უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ დიდ და ფალსიფიცირებულ მოდელირებულ ქრონიკად გადაიქცა“ - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობაზე უღირსი სპეკულირებით ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწერონ იარლიყი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნიშანია.

კალაძის განცხადებით, ამ ვითარებაში „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია უსუსურ ბრალდებებზე. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილ რუსეთის ჯარს საქართველოში უკან შემოუძღვა და თავისი ავანტიურისტული, თუ მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს მისცა შესაძლებლობა განეხორციელებინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია, მშვიდობიანი მოსახლეობა მტერს შეატოვა, ომში მარცხი გამარჯვებად მონათლა, რუსთაველის გამზირზე ხალხს აზეიმა, შემდეგ მსხვერპლის როლი მოირგო და ამის პარალელურად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა მისცა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევადაა შეფასებული. კალაძის განცხადებითვე, „ორმაგი პოლიტიკური ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ" პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა „რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი,“ ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვან სალომე ზურაბიშვილს მოღალატეობა დააბრალა.

კატეგორიები
XS
SM
MD
LG