Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის მიერ შესამოწმებლად გაჩერებული მოქალაქის გარდაცვალებას პროკურატურა გამოიძიებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, რომლის გამოც გარდაცვლილის ახლობლები პასუხისმგებლობას აკისრებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. შსს-ს განცხადებით, „გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის, მათ შორის სამხრე კამერების ჩანაწერების პირველადი შედეგებით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები მოძრაობდნენ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ახალსოფელში, რა დროსაც შენიშნეს ავტომანქანა „ფორდი“ სახელმწიფო ნომრით DBT- 834, რომელსაც მართავდა მოქალაქე ა.ლ. დაბადებული1957 წელს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მოქალაქეს მოთხოვეს მანქანის გაჩერება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე.“

შსს-ს განცხადებითვე, „ვინაიდან გადამოწმების შედეგად მოქალაქე ა.ლ-ს არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ტერიტორია დატოვა და განაგრძო პატრულირება სამოქმედო ტერიტორიაზე, მოქალაქე ა.ლ. კი დარჩა თავის საცხოვრებელ სახლთან.“ შსს-ს ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, საპატრულო პოლიციას დასახმარებლად მიმართეს მოქალაქეებმა, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ და პატრულ-ინსპექტორებმა დახმარების მიზნით, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მოქალაქე ა.ლ. გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებითვე, საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში, გამოძიების დასრულებამდე კი, პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

7 ოქტომბერს ღამით, გარდაცვლილის ახლობლებმა გადაკეტეს ბათუმი-სარფის საავტომობილი გზა. მათი ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის მიერ გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავებს თხოვდა გაშვებას, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა, დაედევნენ და საპატრულო პოლიციისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG