Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონდი „ქართუ“: დენდროლოგიური პარკები 2019 და 2020 წლებში გაიხსნება


ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ავრცელებს განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკების მოწყობის შესახებ და აცხადებს, რომ თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მიიჩნევს აცნობოს საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული დენდროლოგიური პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში: „ბოლო პერიოდში, მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. პარკების გახსნისთანავე, ორივე სივრცე ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის“, - ამბობს ნიკოლოზ ჩხეტიანი.

წლებია ოზურგეთის რაიონში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, 60 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკების მშენებლობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკვეთილის დენდროპარკში თავს მოიყრის არა მხოლოდ ქართული, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი 150-მდე ჯიშის ხე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები პირველად 2016 წლის მარტში გადაიტანა. მათ შორის იყოს ასწლოვანი ხე - ტიტა, რომელიც 650 ტონას იწონიდა. ზღვაში ხე 4 დღის განმავლობაში დარჩა. მას შემდეგ დენდროლოგიური პარკის მიმართულებით კიდევ არაერთმა ხემ გაცურა. ზოგიერთი ხის ტრანსპორტირებისათვის რამდენიმე საათით ჩაიხსნა სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცები ხაზები. ხეების გადატანის პროცესს თან ახლავს ხერგილებიც.

ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესზე თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ილაპარაკა: „ხეების თემა ყველაზე დიდი ბრალდებაა ჩემი და ყველაზე ახლოს შეიძლება საზოგადოებასაც მოეჩვენოს ლეგიტიმურობასთან, რომ ლეგიტიმურია ეს ბრალდება რა უბედურება სჭირს ამ კაცს, როგორც აფორმებს ამას რუსთავი 2 და ოპოზიცია, რომ გადათხარა მთელი აჭარა და სამეგრელო, სულ 120 ხეზე არის საუბარი და რაც დამრჩა კიდე შემოსატანი რამდენიმე, 140-მდე შეიძლება ავიდეს. ეს პროცესი რომ კარგად გავარჩიოთ, ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენები ამოვურთეთ, დიდი საცობები კეთდება, რომ გადაითხარა და დაინგრა, ეკოლოგია აღარ აღდგება, რომ თითქოს გავანადგურე მწვანე ბუნება, გავანადგურე ეკოლოგია და ასე შემდეგ. რეალურად, თუ გავაანალიზებთ, შემიძლია ცალკე გადაცემა მივუძღვნა, შევხვდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუ გნებავთ ოპოზიციასაც კი საჯაროდ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ის რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. ნაწილი მაინც რომ სახელმწიფოსი იყოს, ან მხოლოდ პირადსაც რომ ვხარჯავ, შეიძლება ვიღაცამ კითხვა დასვას, რომ ეს „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“. ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ვიხმაროთ და თუ არ ღირს და მაინც აკეთებს, ესე იგი რაღაც სიტყვა „ახირებასაც“ ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება - ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება, არის მხოლოდ პირადული და მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება“.

XS
SM
MD
LG