Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC  მოუწოდებს პროკურატურას ობიექტურად  გამოიძიოს სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის საქმე


"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მოუწოდებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის სერგო ჯიმშერაშვილის მკვლელობის საქმე „სრულად და ობიექტურად“ გამოიძიოს. ორგანიზაცია მიმართავს პროკურატურას გამოარკვიოს ამ საქმეში გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების პოლიციის თანამშრომელთა, ასევე მათი ხელმძღვანელი პირების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი.

მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო. ის, 25 მაისიდან კომაში მყოფი, პირველ სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ამ საქმეზე ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, საიდანაც ერთი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ორივე საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განხილვების პარალელურად, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, 2018 წლის 27 აგვისტოდან, გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების თანამშრომლების მიმართ. გამოძიება თავდაპირველად, უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი, სამსახურებრივი სიყალბის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი აზუსტებს, რომ არასათანადო რეაგირების გარდა, მათ არ გადაამოწმეს და მეტიც, გაანადგურეს დანაშაულის ფაქტები, გაყალბებულია მოწმეთა ჩვენებები.

XS
SM
MD
LG