Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, რუსეთი უკვე იყენებს ზურაბიშვილის განცხადებებს


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ეთნოწმენდის და ოკუპაციის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში, საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში შეტანილ სარჩელზე რუსეთმა წარადგინა საპასუხო სარჩელი, რომელშიც ერთ-ერთ არგუმენტად იყენებს ციტატებს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა შესაბამისი ამონაწერი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან.

„ეს არის უკვე მომხდარი და შემდგარი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის მოსაზრებებს და მის ხედვას იყენებს ოკუპანტი იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში გაამართლოს საქართველოს ოკუპაცია და ქართველების ეთნიკური წმენდა“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი ინფორმაციით, რუსეთის საპასუხო სარჩელში მითითებულია სალომე ზურაბიშვილის წიგნის 137-139 გვერდები. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთის და საშიში საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, საუბარია სალომე ზურაბიშვილის წიგნზე "ქართველების ტრაგედია 2003-2008." ეს ფრანგულენოვანი წიგნი პარიზში გამოიცა 2008 წელს. პარტიამ გამოაქვეყნა ამონარიდი რუსეთის მიერ 2009 წლის 1 დეკემბერს შეტანილი შესაგებელი სარჩელიდან. მასში მოყვანილია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ საქართველო 2007 წლის მეორე ნახევრიდან ზრდიდა თავის სამხედრო პოტენციალს. "ევროპულ საქართველოს" მოჰყავს ფრანგულენოვანი წიგნიდან ინგლისურად ნათარგმნი ციტატა, რომელიც რუსეთმა გამოიყენა. მასში სუბარია იმაზე, რომ 2007 წელს საქართველომ გაზარდა ძვირადღირებული შეიარაღების შეძენა და შეინიშნებოდა ომის რიტორიკა და დაკარგული ტერიტორიების ძალით რეინტეგრაციის განზრახვა.

XS
SM
MD
LG