Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი დაშავებული რუსთავის სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას, ორი - თბილისში

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, 21 ოქტომბერს მომხდარი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან 3 პაციენტი რჩება რუსთავის სტაციონარში, დანარჩენი გაწერეს.

სამივეს კლინიკა „რუსთავში“ მკურნალობენ. გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლევან ფსუტურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათგან ერთი 14 წლისაა. მას მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა. დადასტურდა უცხო სხეულის არსებობა, რომელიც ექიმებმა ამოიღეს.

ორი ზრდასრული პაციენტიდან ერთმა, 28 წლის მამაკაცმა, აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები ორივე წინამხრის არეში, დაუზიანდა მარცხენა ტერფის თითები. საჭირო გახდა მათი ტრავმული ამპუტაცია.

რაც შეეხება მეორეს, დაახლოებით, 40 წლის მამაკაცს, მან იდაყვის არეში ნაფლეთი ჭრილობა მიიღო და დაუზიანდა არტერია.

ლევან ფსუტურის თქმით, სამივე პაციენტი ინტენსიური მკურნალობის რეჟიმზე ჰყავთ გადაყვანილი.

დაზუსტებული ინფორმაციით, რუსთავის კლინიკებში სულ15 ადამიანი შეიყვანეს - 4 რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, 11 კლინიკა „რუსთავში“, საიდანაც ორი, შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, 14 წლის მოზარდი ბიჭი და 8 წლის გოგონა, თბილისის პროფილურ კლინიკებში გადაიყვანეს.

ლევან ფსუტური
ლევან ფსუტური

კლინიკა „რუსთავის“ ექიმმა ლევან ფსუტურმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შემოყვანილი 11 პაციენტიდან 6 არასრულწლოვანი იყო. გაწერილთაგან ბევრს აღენიშნებოდა ბაროტრავმა, რომელიც აფეთქების ტალღამ გამოიწვია, ჰქონდათ ზედაპირული ჭრილობებიც, თუმცა შინაგანი ორგანოების დაზიანების გარეშე.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ, დავით გოგაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათთან შეყვანილი ოთხი დაშავებულიდან , რომელიც ერთი 5 წლისაა, მეორე კი 14 წლის, 7-8 საათიანი გადაუდებელი დახმარების, გამოკვლევისა და კონსულტაციის შემდეგ სახლში გაწერეს:

„შემოგვიყვანეს ბაროტრავმებით და უცხო სხეულით მიღებული დაზიანებებით, ზრდასრულ მამაკაცებს აღენიშნებოდათ ზედაპირული ტრავმები მხრებსა და ფეხის წვივებზე“ , თქვა დავით გოგაძემ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილემ დასძინა, რომ პაციენტები გაწერეს მას შემდეგ, რაც გამორიცხეს შინაგანი ორგანოების ტრავმები.

XS
SM
MD
LG