Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილმა ინტერვიუსთვის "ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუები" შეარჩია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვალ ინტერვიუს მისცემს ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუების წამყვანებს - ასე უპასუხეს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში რადიო თავისუფლების შეკითხვას, რატომ შეირჩა ინტერვიუსთვის მხოლოდ სამი ტელეარხი - „იმედი,“ „რუსთავი 2“ და „TV პირველი.” ამ ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქ-შოუების წარმყვანები ირაკლი ჩიხლაძე, გიორგი გაბუნია და ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილს შეკითხვებს დაუსვამენ პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში.

“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”- ნათქვამია პარტიის განცხადებაში. ინტერვიუ 23 ოქტომბერს, 22 საათზე დაიწყება.

რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავს ინტერვიუს რეგიონულ მედიასაშუალებებთანაც. ჩვენ შეკითხვას, მოხდება თუ არა ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს, რომ სავარაუდოდ, არა.

XS
SM
MD
LG