Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში აღმოაჩინეს სავარაუდოდ 2400 წლის წინ ჩაძირული გემი


ბულგარელი და ბრიტანელი მკვლევრების ჯგუფმა შავ ზღვაში, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან 80 კილომეტრში აღმოაჩინა სავარაუდოდ, ბერძნული სავაჭრო გემი, რომელიც მეცნიერთა შეფასებით, დაახლოებით 2400 წლის წინ ჩაიძირა. ეს არის ზღვის ფსკერზე ნაპოვნი ყველაზე ძველი და ყველაზე კარგად შემონახული აღმოჩენა. 23 მეტრიან გემზე შენარჩუნებულია საჭე, ნაოსანთა სკამები და არაერთი ნივთი. მეცნიერებმა ჩაძირულ ხომალდს 2000 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს წყალქვეშა აპარატით და სპეციალური ტექნიკით მიიღეს 3D ფორმატის გამოსახულება და სინჯები გემის ზედაპირიდან, რათა ზუსტი ასაკი განსაზღვრონ. წინასწარი შეფასებით, გემი ძველი წელთაღრიცხვის 400-ე წლით თარიღდება. ხომალდის ფორმა და დიზაინი ძალიან ჰგავს გემებს, რომლებსაც ძველი ბერძნები გამოსახავდნენ ღვინისთვის განკუთვნილ ჭურჭელზე. მეცნიერების განმარტებით, ჩაძირული ხომალდის ასე კარგად შემონახვის მიზეზი შავი ზღვის თავისებურებაა, რადგან ზღვის ღრმა ფენაში ჟანგბადი არ არსებობს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა მკვლევრები უშუალოდ გემში შეღწევას. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბულგარულ-ბრიტანულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 67 ჩაძირული ხომალდი, მათ შორის რომის იმპერიის სავაჭრო გემები და მე-17 საუკუნეში არსებული, კაზაკთა სავაჭრო ფლოტის ხომალდები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG