Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: მხარდამჭერთა სიების შეგროვება არ შეიძლება


არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციის, "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) მესამე შუალედური ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფორმაა ე.წ.“მხარდამჭერთა სიების“ შეგროვება, რასაც საჯარო სამსახურებსა და მუნიციპალიტეტების ა(ა)-იპ-ებში დასაქმებულ პირები ახორციელებენ ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მითითებით.

“სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა ინფორმაციით, „მხარდამჭერთა სიის“ შემგროვებელ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთ სიებში მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავებისა და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი და საარჩევნო უბნის ნომერი.

ქობულეთი

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა გადამოწმებისას მართლაც ნახა მერიაში დასაქმებული რამდენიმე ადამიანის მიერ შევსებული 15-20 კაციანი „მხარდამჭერთა სიები“. დამკვირვებელს ხელთ აქვს ასევე ერთ-ერთი მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ შეგროვებული მხარდამჭერთა სიის ბლანკი, თუმცა დასაქმებული პირები სამსახურის დაკარგვის შიშით ამ თემაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ.

სამეგრელო-კახეთი

ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებელთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ.

„სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების ფაქტები შემაშფოთებელია იმითაც, რომ შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებსაც. ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციასთან“ ერთად ამ ფაქტებით რეაგირებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა.

XS
SM
MD
LG