მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბერს საქართველო პირველ ქალ პრეზიდენტს აირჩევს. თბილისის სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს.“
„მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის. თუ იქნება მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე. დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ“ - განაცხადა ივანიშვილმა. მან „ქართული ოცნების“ მომხრეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა და პარტიის ყოფილ მომხრეებსაც მიმართა, გვერდით გადადონ ყველაფერი, გაერთიანდნენ, სწრაფად დაამთავრონ არჩევნები და სწრაფად შეუდგნენ ქვეყნის აღმშენებლობას. ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს უწოდა საქართველოს ევროპულობის სიმბოლო და განაცხადა, რომ "სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალბატონს."
"სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდოთ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ყველანი ერთმანეთთან უნდა დავდგეთ და მხოლოდ ამით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და წინსვლას" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
თავად სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხვალინდელი საქართველო შენდება რეგიონებში, რომელთა განვითარების გარეშე თანამედროვე საქართველო ვერ იქნება, ამიტომ პრეზიდენტის სასახლიდან გავა და რეგიონებში მოსახლეობასთან ერთად შეეცდება მოძებნოს ახალი გზები და ინიციატივები. „მაქვს მართლაც იმედი, რომ ეს ქვეყანა ისე განვითარდება, რომ ჩვენ შევეჯიბრებით ევროპის სხვა ქვეყნებს ხვალ, ზეგ. ეს არის ჩვენი გარდაუვალი მომავალი“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ სალომე ზურაბიშვილის შვილები თემურ და ქეთევან გორჯესტანები, საქართველის მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები და თბილისის მერი.