Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტები ზაზა სარალიძის დანაშაულის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან


იურისტების განმარტებით, პოლიციელზე თავდასხმის გამო პირი შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ქმედებების გამო და ეს ქმედებები უნდა შეიცავდეს სამ ელემენტს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორი გიორგი ჩიტიძე.

„ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის, სამი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს: ა) თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს პოლიციელი; ბ) პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც თავის მხრივ, კანონიერი უნდა იყოს; გ) თავდასხმა უნდა მოხდეს კანონიერი საქმიანობის გამო“. სწორედ ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ კარვის გაშლის უფლების შეზღუდვა არის უკანონო და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას არ წარმოადგენს: „შესაბამისად, პოლიციელზე თავდასხმა არ მომხდარა პოლიციელის საქმიანობის გამო. ნორმალური სასამართლოს პირობებში, დეტალურად და გამოწვლილვით განიხილავდა მოსამართლე ამ ყველაფერს და ამ კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას ვერ დაინახავდა.

ამავე აზრს იზიარებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს: „დიახ, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ამგვარი დანაშაულის კვალიფიკაციისათვის არსებობს კონკრეტული ქმედებები, თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ზაზა სარალიძის მიერ ამ ქმედებების ჩადენის საკითხი“.

ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს დააკავეს პარლამენტის შენობასთან, როდესაც ის წვიმისგან დასაცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდა და რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, „რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.“ შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე,

ზაზა სარალიძე ამჟამად ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დაკავებული შეუძლოდ გახდა, ვერ მოხერხდა მისი გამოკითხვა. ადვოკატისვე თქმით, ის ვერ დაესწრო ზაზა სარალიძის მიმართ უფლებების განმარტების პროცესს: „მან მოითხოვა, რომ ეს პროცესი ჩემი თანდასწრებით განხორციელებულიყო, თუმცა, მის მოთხოვნას ყურადღება არ მიაქციეს“.

XS
SM
MD
LG