Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოების აზრით, შსს-ს მიერ კონსტიტუციის დარღვევამ, ძალადობის ესკალაცია გამოიწვია


"საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული. ისინი ეხმაურებიან პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის დაკავებას და მიაჩნიათ, რომ მისი ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია:

„ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია".

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მიუხედავად ამისა, როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 26 ოქტომბერს პარლამენტის წინ ინციდენტი სწორედ წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის პოლიციის წარმომადგენლების მიერ ხელშეშლას მოჰყვა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძის მხრიდან ძალადობა.

"იმ ფონზე, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღდგეს სამართლიანობა", ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ზაზა სარალიძე საქართველოს სს კოდექსის 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო მისი თანმხლები ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს. ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას და მათივე კანონიერი მოთხოვნის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. მაშინ, როცა მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში, თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს. შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტის წინ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მოუწოდებს საქართველოს მთავარმა პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;

ასევე, მათივე განცხადებით, პროკურატურამ გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც გახდა ზაზა სარალიძის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის საფუძველი და სს სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG