Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


ნუგზარ წურწუმია
ნუგზარ წურწუმია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიგო. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ რეპეშაჟის ფინალში ჩინელი ლიგუო ცაო წუთ-ნახევარში 11:0 დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ექვსი თვის წინანდელ ევროპირველობაზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და, ამრიგად, 2018 წლის სეზონი ბრინჯაოს დუბლით დაასრულა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში შეივსო საპრიზო სამეულები, სამ წონაში კი ფინალისტები გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს შვიდივე წონაში ჰყავდა მონაწილე და კვარცხლბეკამდე ჯერ მხოლოდ ნუგზარ წურწუმია მივიდა.

ხვალ ჩაებმებიან საქმეში თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). ხვალვე გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რობერტ კობლიაშვილი (87 კგ).

XS
SM
MD
LG