Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობა ზაზა სარალიძეს - აქცია ბათუმში


ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეების ინიციატივით გამოიფინა ზაზა სალარიძის მხარდასაჭერი სტენდი, სადაც აქციის მონაწილეებმა ფერად ფურცლებზე დაწერილი საპროტესტო და მხარდასაჭერი გზავნილები გამოაკრეს - „ნუ მომკლავ“ „არ იძალადო“ „დადგინდეს სიმართლე“ და სხვა.

სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბათუმელი სულხან წულუკიძის თქმით, მას შემდეგ რაც ზაზა სარალიძე გუშინ თბილისში დააკავეს, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეს საპროტესტო სტენდი გამოეტანათ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე და მოქალაქეებს, რომლებიც მიიყნევენ, რომ სარალიძე არის ძალმომრეობისა და უკანონობის მსხვერპლი, სოლიდარობა ამ ფორმით გამოეხატათ. „მივიჩნევთ, რომ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელებმა არ აგეს პასუხი კანონის წინაშე და გვინდა, რომ ამ ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს. გასაგებია, რომ ზაზა სარალიძემაც დაარღვია კანონი, თუმცა გაცილებით უფრო დიდი დანაშაული და უსამართლობა ჩაიდინეს მის მიმართ“ - თქვა სულხან წულუკიძემ.

საპროტესტო სტენდზე გამოკრულ ფერად ფურცლებზე ათეულობით მოქალაქემ დაწერა სახელი გვარი, პროფესია და საპროტესტო გზავნილი. მათ შორის ბათუმელმა სოფიო მეგრელაძემ. „მოვედი იმიტომ, რომ ზაზა სარალიძეს ჰქონდეს სოლიდარობა და არ გრძნობდეს თავს მარტო. იმიტომ, რომ იგი სისტემის მსხვერპლია. რაც მას დაემართა, ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, სამართალი ვერ ნახა და ამას დაემატა ის, რომ დღეს თვითონ არის ბრალდებული. მართალია, პოლიციის მიმართ მსგავსი მოქმედება დასაგმობია, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რამ მიიყვანა ეს კაცი აქამდე. ამიტომ სოლიდარობა მას და ეს სოლიდარობა ნიშნავს ჩვენი შვილების დაცვას“, წერს სოფიო მეგრელაძე.

ზაზა სარალიძე კი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ის მას შემდეგ გახდა შეუძლოდ, რაც ის გუშინ პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. შსს-ის ინფორმაციით, მისი დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მოხდა, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

XS
SM
MD
LG