კახეთის რეგიონში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იმყოფებიან საარჩევნო სუბიექტების აგიტატორები. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ შორის არიან გაერთიანებული ოპიზიციის წარმომადგენლებიც, თუმცა, ჭარბობენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საჩივარი დაწერა "ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია - ძლიერი, ერთიანი საქართველოს" დამკვირვებელმა ვახტანგ დევიძემ. "ქართული ოცნების აქტივისტი უბანზე მისულ ამომრჩეველს ავალებდა, ჯერ მათ სიაში დაეფიქსირებინა უბანზე მისვლა და შემდეგ შესულიყო საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად. მე ვთვლი რომ ეს არის ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - განაცხადა ვახტანგ დევიძემ.