Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მნიშვნელოვანი დარღვევები 14 საათისთვის


პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) ინფორმაციით, საუბნო კომისიებში შესვლამდე, ამომრჩევლებს ხვდებიან ე.წ. კოორდინატორები და მათ სიებში აღრიცხავენ. ორგანიზაციის მეთვალყურეებმა ასევე შენიშნეს ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების მიცემის შემთხვევები. ISFED-ის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ასევე პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწმობები აქვთ. აღნიშნული ძირითადად ხორციელდება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

მსგავს დარღვევასთან მიმართებით სახელდება არაერთი უბანი: გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანი; ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #1, #4, #14 და #59 საარჩევნო უბნები; თიანეთის #19 საარჩევნო ოლქის #12 უბანი; ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #6 და #52 უბნები; ტყიბულის #57 საარჩევნო ოლქის #29 უბანი; საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანი, თელავის #17 საარჩევნო ოლქის #24 და #25 საარჩევნო უბნები.

არაუფლებამოსილი პირები და აგიტაცია უბნებზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით („ბეიჯით“), რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული. აღნიშნულის დადასტურების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიამ არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის #8 უბანზე ადგილობრივი დამკვირვებლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადნენ. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისცეს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გორში, თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ აგიტატორები. რამდენიმე უბანზე მათ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს. ორგანიზაციის მონიტორმა გადაიღეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერები, რომლებიც გაკრული იყო ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე.

საიას ინფორმაციით, მარნეულის #18 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი სათანადოდ არ ამოწმებდა პირადობის მოწმობებს, რის გამოც ოთხმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ვადაგასული პირადობის მოწმობებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. ასევე საჩივარი დაიწერა ქუთაისის #3 უბანზე, სადაც გამოვლინდა მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი.

უკანონო გარიგების მცდელობა - სს დანაშაულის ნიშნები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #94 უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩაყარა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელს სთხოვეს, თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას“, - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის” - დამკვირვებელი, რომელმაც თანხა გადასცა მას. პირი არ უარყოფს ფულის გადაცემის ფაქტს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG