ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში, ინგირის #94 საარჩევნო უბნის კომისიის წევრები არ ადასტურებენ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტს, რის შესახებაც იუწყებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები, რომლებზე დაყრდნობითაც კომისიამ ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი „კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #94 უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა ყუთში რამდენიმე კონვერტი ჩაყარა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დამკვირვებელს სთხოვეს, თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოითხოვა უბნის შედეგების ბათილად ცნობა.