Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED): დარღვევები 15 საათისთვის


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, 15 საათამდე, ორგანიზაციის მეთვალყურეების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში - 35, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 27 საჩივარია შეტანილი. ISFED-ის მეთვალყურეებმა აღრიცხეს ათობით ფაქტი.

პარტიული აქტივისტების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის მცდელობა:

• სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, თავიანთი შედგენილი სიებით, აკონტროლებენ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის პროცესს ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2, #5, #29 და #31 საარჩევნო უბნებზე. ისინი დგანან როგორც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე იმ შენობებში, სადაც უბნებია განთავსებული. ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება;

• ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის #4 და #5 საარჩევნო უბნების და თერჯოლის #49 საარჩევნო ოლქის #29 უბნის მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს;

• ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ნახევარ საათიანი ინტერვალით მოჰყავდათ ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით. ამ პროცესს სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უძღვებიან;

• დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის წინ დგას სამი ქალი რვეულებით და სიებით. დამკვირვებლის კითხვაზე, რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ერთ-ერთმა უპასუხა, რომ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის შტაბს. ისინი ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ;

• ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #48, #77, #78 და #26 საარჩევნო უბნების და ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის #47 უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები;

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება:

• ბათუმის #9 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (მურმან დუმბაძე, ლევან ანთაძე და ლევან ვარშალომიძე) და „ქართული ოცნების“ კოორდინატორს შორის. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაიწყეს „ქართული ოცნების“ მანქანაში მჯდომი კოორდინატორის გადაღება, რათა დაეფიქსირებინათ ამომრჩევლების გადამოწმების სავარაუდო ფაქტი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რომელმაც გადაღება გააპროტესტა, ენმ-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამ ფაქტს სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.

XS
SM
MD
LG