პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა მას მისცეს.
„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს.