„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის დამკვირვებლებისგან მიღებულ მონაცემებს. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 38,5%-მა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 37,6%. ამასთან, ორგანიზაციას არ შეუძლია დარწმუნებით თქვს, რომელია პირველ ადგილზე.
„გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37,5-სა და 39,5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი 36,7-სა და 38,5%-ს შორის ინტერვალშია. სტატისტიკურად თანაბარი ალბათობითაა შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში. იმის გათვალისწინებით, რომ ორი კანდიდატის შედეგების ინტერვალები ერთმანეთს კვეთს, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, თუ რომელი კანდიდატია პირველ ადგილზე და რომელი მეორეზე“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ამასთან, „სამართლიან არჩევნებს“ შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%+1 ბარიერი არცერთ კანდიდატს არ გადაულახავს და გამარჯვებული გამოვლინდება მეორე ტურში, რომელიც გაიმართება გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის. „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლით, 28 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 46,6% იყო.