Accessibility links

logo-print logo-print

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პირველ ადგილს ართმევენ


გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ცესკო არაფორმალური მმართველობის განკარგულებით ცდილობს გაერთიანებულ ოპოზიციას წაართვას პირველი ადგილი.“ დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ წარმოადგინა „რუსთავი 2“-ის და „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლები და „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც მისი თქმით, ახლოსაა „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან.

„რომ შეესრულებინათ ივანიშვილის განკარგულება და არ გამოეწვიათ ხალხის რისხვა, ცესკომ დადო შედეგი, რომლითაც ერთი პროცენტითაც კი ვერ აქაჩეს ხელისუფლების კანდიდატს და გამარჯვებულ კანდიდატს შორის განსხვავება“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მან წარმოადგინა ოპოზიციის მიერ ოქმების მიხედვით დათვლილი შედეგებიც, რომელთა თანახმად, მას აქვს ხმების 39,2% და სალომე ზურაბიშვილს 37,6%. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მეორე ტურშიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა ცესკოს მიმართა, აღიაროს შეცდომები, გამოასწოროს და „სულ ნუ ააფეთქებს იმ მცირე ნდობას,“ რომელიც ამომრჩეველს აქვს საარჩევნო კომისიის მიმართ.

28 ოქტომბერს საღამოს გამოქვეყნებული, „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლით, გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს ჰქონდათ ხმების 40-40%, „ქართული ოცნების“ ეგზიტპოლით კი ზურაბიშვილი 52%-ით იმარჯვებდა. იმავე საღამოს „ევროპულმა საქართველომ“ გაავრცელა გამოკითხვის შედეგი, რომლის მიხედვით ვაშაძე ზურაბიშვილს უგებდა დაახლოებით 3%-ით.

დღეს დილით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელთა თანახმად 28 ოქტომბრის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 38,5%-მა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 37,6%. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განმარტა, რომ დარწმუნებით არ შეუძლიათ იმის თქმა, ვინ არის პირველ და ვინ მეორე ადგილზე, რადგან ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37,5-სა და 39,5%-ს შორის, ხოლო ზურაბიშვილის 36,7-სა და 38,5%-ს შორის, ეს ინტერვალები ერთმანეთს კვეთს და სტატისტიკურად თანაბარი ალბათობითაა შესაძლებელი, რომ შედეგი იყოს ინტერვალის ნებისმიერ წერტილში.

ცესკოს ოფიციალური, წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 38,64%-მა და გრიგოლ ვაშაძეს 37,74%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG