Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო ავლაბარში, საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას ეხმიანება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ ავლაბარში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კაცი ცდილობს, ყუთში ჩააგდოს ბიულეტენი, რაშიც მას ხელს უშლიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მეორე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე და წევრები ყუთში თვითნებურად ყრიდნენ ბიულეტენებს და თითქოს უბანზე ამომრჩეველს გამზადებული და შემოხაზული ბიულეტენები დახვდა, არის ცრუ ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე.

„ცესკომ ისნის ნომერ მეორე უბანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა და ვაცხადებთ, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელიც შეამოწმა ნაკადის მომწესრიგებელმა და მას არ ჰქონდა მარკირება, სიაში მისი სახელის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა, რაც წარმოადგენს პროცედურულ ხარვეზს და ასეთ შემთხვევაში რეგისტრატორი კომიიის წევრი ფაქტობრივი გარემოებების აღმწერ ახსნა-განმარტებას წერს. საკანონმდებლო პროცედურა განსაზღვრავს, რომ თუ რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში შეცდომით მოაწერა ხელი სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, შესაბამისი ამომრჩეველი რომლის გვარის გასწვრივაც ფიქსირდება ხელმოწერა, იმავე გრაფაში აწერს ხელს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უბანზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც მოითხოვა, რომ ამომრჩეველს მისცემოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რათა არ დარღვეულიყო მისი კონსტიტუციური უფლება. უბნის თავმჯდომარემაც მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება. პარტიების წარმომადგენლებს კი ჰქონდათ უხეში მცდელობა ხელი შეეშალათ ამომრჩევლისთვის, რაც ცალსახად ჩანს კიდეც გავრცელებულ ვიდეოებში“, - აცხადებს ცესკოს სპიკერი.

ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება "კანონისმიერი რეაგირება" ნებისმიერ გადაცდომასა და ხარვეზზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტურიც გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში წარიმართოს.

XS
SM
MD
LG