Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გაეროს: აუცილებელია ჩატარდეს ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის გამჭვირვალე გამოძიება


აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს განუცხადა, რომ აუცილებელია ჩატარეს სიღრმისეული, შედეგიანი და გამჭვირვალე გამოძიება დისიდენტი ჟურნალისტის საუდის არაბეთიდან, ჯამალ ხაშოგის "დაგეგმილი" მკვლელობის გარშემო. აშშ-ის თქმით, გამოძიება უნდა ჩატარდეს ყველა წესის დაცვით და შედეგები საზოგადოებას უნდა ეცნობოს. აშშ-ის მოწოდების ფონია აღშფოთება, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა გამოხატეს ხაშოგის მკვლელობის გამო, როცა მონაწილეობდნენ გაეროში მიმდინარე განხილვაში საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ. ჟენევაში გამართული შეხვედრის ზოგიერთი მონაწილე, მათ შორის ისლანდია და კოსტა რიკა, ითხოვდა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. 47 წევრისგან შემდგარ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს აშშ ივნისში გამოეთიშა და მას ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში დასდო ბრალი. თუმცა საუდის არაბეთის საქმის განხილვაზე ვაშინგტონი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. თურქეთი აცხადებს, რომ ხაშოგი დაახრჩვეს მაშინვე, რაც ის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში შევიდა. თურქეთის თქმით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა და მისი გვამი შემდეგ დაანაწევრეს და გაანადგურეს. გაეროში განხილვაზე მყოფი საუდის არაბეთის მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბანდარ ალ-აიბანმა საბჭოს უთხრა, რომ სამეფო დასჯის ამ საქმეში დამნაშავეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG