Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ევროპისთვის აუცილებლად მიიჩნევს არმიას, რომელიც მას დაიცავს რუსეთის, ჩინეთისა და "შტატებისგანაც კი"


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის აზრით, ევროპისათვის აუცილებელია საკუთარი არმია, რათა თავი დაიცვას "რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისაგანაც კი". ეს აზრი მაკრონმა რადიო „ევროპა 1“-თან ინტერვიუში გამოთქვა. მის თქმით, ევროპის ქვეყნებმა უნდა შექმნან ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ იქნებიან დამოკიდებული აშშ-ზე და დამოუკიდებლად იმოქმედებენ. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპის მეზობლად არსებობს სულ უფრო მეტი ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც ევროპას საფრთხეს უქმნის კიბერსივრცეში და ერევა დეოკრატიაში. ამ კონტექსტში მან რუსეთი ახსენა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რომ ევროპის არმიის შექმნის აუცილებლობამ თავი იჩინა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აპირებს გასვლას რუსეთთან ხელშეკრულებიდან საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. ევროკომისია წელს ივნისში გამოვიდა წინადადებით, გამოიყოს 13 მილიარდი ევრო 2027 წლამდე ევროკავშირის თავდაცვის გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG