Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ განსაზღვრა არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) განმარტებით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით.

„ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები შეიტანება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, ასევე, გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის და იმ პირების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისი ინფორმაციით, მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გავლილი ექნებათ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პროცედურის გავლა ამომრჩევლებს შეუძლიათ ელექტრონულადაც, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებით. ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს გადასცემს 12 ნოემბერს.

ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. ამასთან, შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით და უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა დანიშნონ, შეცვალონ ან გაიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ცესკოს სპიკერის განმარტებით, მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. ამასთან, მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედიის წარმომადგენლები. „აღნიშნული ნორმები დღეიდან შევიდა ძალაში. მივმართავთ დაინტერესებულ მხარეებს გაითვალსწინონ ცესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურები და ვადები“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

XS
SM
MD
LG