Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ჩემ შვილებს და მე სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან


სალომე ზურაბიშვილი შვილებთან, თეიმურაზთან და ქეთევანთან ერთად
სალომე ზურაბიშვილი შვილებთან, თეიმურაზთან და ქეთევანთან ერთად

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, 9, 10 და 11 ნოემბერს, მისმა შვილებმა თეიმურაზმა და ქეთევანმა და პირადად მან მიიღეს ხმოვანი შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

„გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად, სამივე მიმართულებით გაჟღერდა - შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენ სისხლს დავლევ. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან - ყოფილი სამხედროები დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, რომ ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალების სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა.

„სოციალურ ქსელებში თანხვედრილი, იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება. ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად, ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა, თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები“ - თქვა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და სერიოზულად უნდა იყოს მიღებული პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისა და მისი ოჯახის მიმართ სიცოცხლის მოსპობით მუქარა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, რათა დროულად აღიკევთოს დესტაბილიზაციისა და არეულობისკენ მიმართული ყველა მცდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG