Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩის“ განცხადებით, პარტია მხარს არ უჭერს გრიგოლ ვაშაძეს


„გირჩის“ განმარტებით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა გაერთიანებულ ოპოზიციას და შესაბამისად, თავის ამომრჩეველსაც გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც რადიო თავისუფლებას აცნობეს, პოლიტიკური ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები თუ ექსპერტები „გირჩის“ ამომრჩეველთა ხმებს ხშირად ბრმად მიაწერენ გრიგოლ ვაშაძის სათვალავს, რადგან ამ კანდიდატის მხარდაჭერის მზაობა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ გამოხატა.

„გირჩს“ მხარი არ დაუჭერია გრიგოლ ვაშაძისთვის და არც თავისი ამომრჩევლებისთვის მოუწოდებია ამისკენ. პოზიცია იმის შესახებ, რომ არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს, არაერთხელ გამოხატა პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ. იგივე პოზიცია გამოხატა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მან თავის წერილობით განცხადებაში გამოხატა პირადი პოზიცია, რომ მეორე ტურში მხარს დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფოში თუნდაც მცირედით გადანაწილდეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ისიც აღნიშნა, რომ ამისაკენ არ მოუწოდებს „გირჩის“ ამომრჩევლებს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „გირჩში“.

29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მეორე ტურში არცერთი კანდიდატი არ იმსახურებს მხარდაჭერას, მაგრამ მისი არჩევანი გრიგოლ ვაშაძეზე შეჩერდა ორი მიზეზის გამო:

„1. თუ არსებობს შანსი, ივანიშვილის ხელში არ იყოს ფორმალური ძალაუფლების თუნდაც ერთი, თუნდაც სუსტი ბერკეტი, ეს შანსი გამოსაყენებელია;

2. ნებისმიერმა ცარიელმა ადამიანმა მომავალში იცოდეს, რომ მხოლოდ ივანიშვილთან დაახლოება არ არის საკმარისი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად; და რომ მარგველაშვილი იქნება, ნარმანია, ბახტაძე, კობახიძე თუ სხვა - ეს ანომალიაა და არა წესი.“

XS
SM
MD
LG