არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მისი და ოჯახის წევრების მიმართ მუქარის შესახებ.
"დღეს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და, საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში.“ ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან.