Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრამემარჯვენეების ძალადობის გამო კიევში ჩაიშალა ტრანსგენდერთა მხარდამჭერი მსვლელობა


კიევში ტრანსგენდერთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტები იძულებულნი გახდნენ დაეშალათ მსვლელობა, მას შემდეგ, რაც კონტრაქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მსვლელობის რამდენიმე მონაწილეს და თავს დაესხნენ კანადელ ჟურნალისტს, რომელიც აქციას აშუქებდა.

ლგბტ პირთა უფლებების მხარდამჭერი აქცია კანონიერად იყო სანქცირებული, მსვლელობას უნდა ჩაევლო კიევის ქუჩებზე ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, 18 ნოემბერს. თუმცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, კრისტოფერ მილერი კიევიდან იუწყება, რომ 40-მდე აქტივისტს, რომელიც შევჩენკოს სახელობის პარკში, აქციის დასაწყებად მივიდა, სხვა ადგილას გადასვლა მოუხდა, მას შემდეგ, რაც 100-მდე "რელიგიური ექსტრემისტი და ულტრამემარჯვენე ჯგუფები" პარკში კონტრდემონსტრაციის გასამართად მივიდნენ. მილერის თქმით, კონტრდემონსტრაციაში მონაწილეობდნენ ისეთი ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორებიცაა "ტრადიცია და წესრიგი", "მემარჯვენე სექტორი" და "რელიგიური ეროვნული ფრონტი".

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ასევე იუწყება, რომ ლგბტ აქტივისტებს, რომლებმაც მდებარეობა შეიცვალეს, დაედევნა კონტრდემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომელმაც აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საგანგებო მოწყობილობებით კვამლი გაუშვა. მილერი ამბობს, რომ უკრაინის პოლიციამ არაფერი გააკეთა კონტრდემონსტრანტთა იმ ადგილიდან წასაყვანად და ამის ნაცვლად ლგბტ აქტივისტებს უბიძგა მეტროს სადგურში ჩასასვლელად, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით. ქუჩაში დარჩენილ ორ ქალ აქტივისტს კონტრდემონსტრანტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იუწყება მილერი.

სახეში ჩაარტყეს კანადელ ჟურნალისტ მიშელ კოლბორნს, რომელიც აქციას აშუქებდა. მოგვიანებით კოლბორნმა ტვიტერით დაწერა, რომ მასზე თავდასხმა მოწმობს უკრაინაში "ულტრამემარჯვენეობის მწვავე პრობლემის" არსებობას და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ამის უგულებელყოფა.

XS
SM
MD
LG