Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხის სერვისების სამსახურის უფროსი მივლინებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია ადასტურებს, რომ მივლინებაშია. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 9 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მივლინებით იმყოფება თბილისში, სააგენტოს გლდანის ოფისში. არკადი ფიფიას თქმით, მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა თანამშრომლების მსგავსად, მივლინებები ხშირად აქვს და ამაში უჩვეულო არაფერია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირადობის ყალბი მოწმობები სავარაუდოდ, წალენჯიხაშიც იბეჭდებოდა, არკადი ფიფიას თქმით, ამ საკითხზე განცხადება უკვე გააკეთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 20 ნოემბერს განაცხადეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები. არასამთავრობო ორგანიზაციების წყაროს თქმით, პირადობის მოწმობები სააგენტოს რამდენიმე ტერიტორიულ სამსახურში იბეჭდება და იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე და მათ მოვალეობას ამჟამად ასრულებენ მანუჩარ ნაჭყებია და გვანცა მენაფირე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უწოდა უპასუხისმგებლო და გაუგონარი ცილისწამება. გიორგაძის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციების მიერ დასახელებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები საერთოდ არ იბეჭდება, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებობს სამი საბეჭდი ცენტრი, სადაც ხდება ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა დღეს, 21 ნოემბერს განმარტა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ ეხებოდა იმას, თუ რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით - წალენჯიხა და გარდაბანი. დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებშიც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა გიგაურმა.

XS
SM
MD
LG