Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონებში „ბოქსების“ გადაღების უფლებას არ იძლევა


სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის ტერიტორიული ორგანო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის ტერიტორიული ორგანო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა რადიო თავისუფლებას გარდაბნის და წალენჯიხის ტერიტორიული ორგანების შენობების ბოქსში ფოტოსა და ვიდეოს გადაღებაზე იმ მოტივით, რომ შენობების ამ ნაწილში არქივი და მოქალაქეთა პირადი მონაცემებია დაცული.

„შიგნით არაფერია გადასაღები, იქ არის სამზარეულო და დერეფანი, არის არქივი, სადაც მოქალაქეთა პირადი მონაცემები ინახება და არის უფროსის კაბინეტი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 20 ნოემბერს განაცხადეს, რომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები გარდაბნისა და წალენჯიხის ტერიტორიულ სამსახურებში. ამავე წყაროს ინფორმაციით, წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე, როგორც „არასანდო“ პირები, მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ მოვალეობას ამჟამად მანუჩარ ნაჭყებია და გვანცა მენაფირე ასრულებენ.

მანუჩარ ნაჭყებია და გვანცა მენაფირე 22 ნოემბერს პროკურატურაში გამოკითხეს, პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს. ამასთან, რადიო თავისუფლების კითხვას, თუ რატომ არ დადის გვანცა მენაფირე სამსახურში ბოლო ორი დღის განმავლობაში, გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელმა ილია სამხარაძემ უპასუხა, რომ ამის თაობაზე არაფერი იცის. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 22 ნოემბერს მიანიშნა, რომ პირადობის ყალბი მოწმობების დაბეჭდვის შესახებ ტყუილის თქმის დავალება არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღეს.

XS
SM
MD
LG