Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი გამორიცხავს „მოლოტოვის კოქტეილებთან“ „ქართული ოცნების“ კავშირს


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

„მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების ეზოში შეგდება რაიმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და მით უმეტეს, "ქართულ ოცნებასთან" იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. იგი ამბობს, რომ „ამის გაკეთება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო:

"გამოვრიცხავ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქეთ-იქით სროლაში "ქართული ოცნების" ჩართულობა არსებობდეს. მით უმეტეს, ბავშვებიან ოჯახს შეუგდო „მოლოტოვის კოქტეილი“ ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობა ჩაიდინო ერთი - მორალური თვალსაზრისით და მეორე - სერიოზულად დააზიანო შენი სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ერთეული. ამას "ქართული ოცნება" არც ერთი ნიშნით არც ჩაიდენს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსთავის მე-17 მიკრორაიონის N2 საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა საცხოვრებელი სახლის აივანზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა, არავინ დაშავებულა. ბინა გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ერთ-ერთი შტაბის თავმჯდომარე გოგა ინჯგიას ეკუთვნის. მომხდარს იგი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

გასულ კვირაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოს ალმოდებული ბოთლები ესროლეს. თავად ბეციაშვილს ეჭვი აქვს, რომ ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.

გია ვოლსკიმ კი მედიასთან განმარტა,რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ ქართულ დემოკრატიას კიდევ ერთი პლუსი დაუსვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG