28 ნოემბერს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- საიას ინფორმაციით, ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტიდან 5 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, ხოლო 2 - სამცხე-ჯავახეთში;
- ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მის მიერ გაკეთებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;
- ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს;
- ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს საშუალება მისცა, ენახა თუ ვის მისცა მან ხმა;
- გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა.
„27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩევლებს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე ყურადღებას ამახვილებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. მედიაცენტრში 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა:
- გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები - ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი, რომელიც ასევე მერის ძმაა, საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებდნენ საარჩევნო ბიულეტენებს - არჩევნის იდენტიფიცირების მიზნით. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, უბნიდან გააძევეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, დასახელებული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს;
- გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ კაბინაში შეუსვლელად, ხოლო ამომრჩევლებს, რომლების კაბინაში აძლევენ ხმას, ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი არჩევნის იდენტიფიცირება;
- ტყიბულის #57 ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო კაბინის გარეთ.
ამომრჩეველთა ნების კონტროლი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „გლდანის #79, #80, #81უბნების საერთო ფოიეში შეიმჩნევა სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების მობილიზება. მათ თან აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიები, რომელთა მიხედვითაც აწარმოებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას. საიას ინფორმაციით, ეს პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ამავე მეთოდით ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37, #38, #40 უბნებზე;
- 43-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართულია ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში.
კოორდინატორების მობილიზაციის ფაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას მედიასაშუალებებიც.
- რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ბათუმის #29 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მათ სიები წაართვეს, ავტომობილში ჩაკეტეს და საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. ამის შემდეგ, საარჩევნო უბანთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ წევრები (მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი). მათსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. დაძაბულობა განმუხტა საპატრულო პოლიციამ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პროვოკაციაში „აჭარის ტელევიზიის“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს.
- „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე კოორდინატორები მიკროავტობუსებში სხედან. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსგავსი ფაქტი ბათუმში 104-ე და ხელვაჩაურში 31-ე უბანზე დააფიქსირა.
კანონმდებლობის მიხედვით, დარღვევას არ წარმოადგენს ამა თუ იმ პირის ყოფნა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა პირველ ტურზე გამოვლენილი მსგავსი შემთხვევები შეფასდა როგორც მოქალაქეებზე კონტროლისა და მათ არჩევანზე ირიბი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მეთვალყურეთა ინფორმაციით, წყალტუბოში გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირის, კერძოდ პოლიციელის ყოფნა და საეჭვო ქმედებები.
- წყალტუბოს #58 საარჩევნო ოლქის #55 უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი უნიფორმით, რომელიც რა იყო ამომრჩეველი. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტოსურათებს. ფაქტს კომისიის თავმჯდომარის რეაგირება არ მოჰყოლია. „სამართლიანი არჩევნების“ მითითებით პოლიციელმა უბანი დატოვა.
გადასატანი ყუთი
საიას ინფორმაციით, გარდაბნის #43 უბანზე დილის 07:40 წუთზე ადგენდნენ გადასატანი ყუთის სიას, რომელსაც ხელით ამატებდნენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა, კომისიის წევრები ახსნა-განმარტებების წერას შეუდგნენ.